среда, 17 декабря 2008 г.

ციხე-ტაძართა საგალობელი

ვინა სთქვა

ვინა სთქვა, თითქოს პატარა იყოს
ჩვენი სამშობლო, დიდების ღირსი.
ქართლში ვინ ჰპოვა პატარა ციხე,
ვინ მოიგონა სიმცირე მისი?

აბა, შეადგით ერთმანეთს მთები,
მთები-შემკული სხივების სირმით.
ააშრიალეთ არწივის ფრთები,
კლდით გაიგონეთ ყვირილი ირმის.

ყოველ მაღლობზე ციხე და კოშკი
ნახეთ, აზომეთ ოსტატის მზერით,
ან მოაგროვეთ უხსოვარ დროში
ჩვენში დაღვრილი ბუნების ფერი.

გაზომეთ ქარი და ქარიშხალი,
ჩამწყვდეული რომ ღმუოდა ხევით,
წყალი მქუხარი და საშიშარი
და ავარდნილი გუმბათი ზევით.

წინაპრის მიერ განვლილი სივრცე,
ჟამი-ძლეული გაფრენილ ცხენით,
და გორგასალის ნაბიჯი მტკიცე,
მთად აღბეჭდილი ქართველის რწმენით.

შეახეთ ბრძოლით გაწვრთნილი ხელი
დარუბანდიდან მოტანილ კარებს
და გაიხსნება სამშობლო ჩემი
უსასრულობის შემცველი მხარე.

ვინა სთქვა, თითქოს პატარა იყოს
ჩემი სამშობლო, დიდების ღირსი,
ქართლში ვინ ჰპოვა პატარა ციხე,
ვინ მოიგონა სიმცირე მისი?!


სიმონ ჩიქოვანი


კრწანისის ყაყაჩოები
(სამასი არაგველის ხსოვნას)

ჰეი, თქვენ არაგველებო, გაუმაძღარნო ომითა,
თქვენ საფლავებთან მოსვლა და მუხლის მოდრეკა მომინდა.
შავჩოხიანო ვაჟკაცო, ჭრილობა ხომ არ შეგხსნია!
ეს სისხლი არის, თუ მართლა ყაყაჩოების ცეცხლია?
შავჩოხიანო ვაჟებო, ასე რამ გაგახალისათ,
ჟრიალი ხომ არ მოგესმათ ოჟა ჯურხაის ფარისა!
სიმღერა ხომ არ მოგესმათ პატარა კახის ხმალისა?
იქნებ მე თვალი მატყუებს, ზეცა მაბრმავებს კრიალა,
მაშინ თქვენ თვითონ აღსდექით და მარქვით ომახიანად,
თუ არც ყაყაჩოს ცეცხლია და არც ახალი იარა,
მა ეს ბებერი კრწანისი რა ძალამ ააბრდღვიალა?
ჰეი, თქვენ არაგველებო,გაუმაძღარნო ომითა,
თქვენ საფლავებთან მოსვლა და მუხლის მოდრეკა მომინდა!

ლადო ასათიანი